ქართული რუსოფობია


     გაგვიგია და ვიცით, რომ ებრაელების არ-სიყვარულს ანტისემიტიზმი ქვია, სომხების არ-სიყვარულს არმენოფობია და რუსების სიძულვილს კი რუსოფობია. ებრაელებმაც, სომხებმაც და რუსებმაც ეს ჩვენზე კარგად იციან და შეგუებული არიან ამას. გასაოცარი ის არის, რომ არც ანტისემიტიზმმა და არც არმენოფობიამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ რუსოფობია კი ჩვენთან ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც უკრაინაში, ბალტიისპირეთში ან ევროპაში.



    რატომღაც, ქართველ რუსოფობს ჰგონია რომ იგი ყველაზე მაგარი რუსოფობია ამ პლანეტაზე, ფიქრობს, რომ ყველაზე გულდათუთქული პატრიოტია თავისი ქვეყნის და რუსების ლანძღვით სამამულიშვილი საქმეს აკეთებს. მისი აზრით , თუ ყველაფერ რუსულს შეებრძოლება ამით "კაცურ"  საქმეს გააკეთებს. ინტელექტუალის, განათლებულის შთაბეჭდილებას დატოვებს და პლიუს კიდევაც ხელს გაიშვერს 40 კილომეტრში მდგარი რუსული ტანკისკენ. "აი ხომ ვამბობდი, რუსი არის სოლდათი, დამპყრობი, ოკუპანტი".    ასე ამართლებს იგი თავის რუსოფობიას.

    დავმშვიდდეთ. ქართველები  რუსებს რუსოფობიით ვერ გავაკვირვებთ. უკრაინაში არსებობენ ქალაქები, თაობები და სოციალური ფენები, რომლებიც დღესაც კატეგორიულად არ უყურებენ რუსულ ტელეარხებს. იციან, მაგრამ არ საუბრობენ რუსულად. უკრაინული როკ ჯგუფი ოკეან Океан Ельзи, რომელიც ძირითადად რუსეთშია პოპულარული, რუსეთში გასტროლიორობს და შემოსავლის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან აქვს, კატეგორიულად და პრინციპიალურად არ ასრულებს რუსულ სიმღერებს. ისეთი რუსოფობია როგორიც უკრაინაშია საქართველოს არც კი დაესიზმრება, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის დღეს-დღეობით საკმაოდ  ნორმალური ურთიერთობაა. უფრო მეტიც, რუსებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან რომ მათ ვერ იტანენ ევრო-ამერიკაში და ისიც იციან რატომ ?!  ამ მხრივ ჩვენ და რუსებს, თითქმის ერთნაირი პრობლემა გვაქვს.  მართალია ქართველოფობია ( როგორც ფენომენი ) ჯერ არ არსებობს, მაგრამ კარგად ვიცით ჩვენი თანამემამულეები როგორ იქცევიან ევროპაში. კარგად მოგვეხსენება რა რეპუტაციაც გვაქვს მათი გადამკიდე, ჰოდა როგორც ჩვენი უღირსი თანამემამულე ირცხვენს  თავს თავისი ცუდი საქციელით, ისევეა რუსებშიც.  ე.წ. რუსული "ბიდლო" საზღვარგარეთ ამაზრზენად იქცევა და შესაბამის რეპუტაციასაც იმსახურებს.


    როგორც აღმოჩნდა რუსოფობიას დიდი ისტროია აქვს და იგი ნაპოლეონის დროინდელი ეპოქიდან არსებობს, თან რამდენიმენაირია:
    -  იდეოლოგიური რუსოფობია - ძირითადად პოლიტიკური შინაარსის; 
    - "ქვედა" რუსოფობია, ანუ ნეგატიური დამოკიდებულება სახელდობრ რუსული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ( ფართოდ გავრცელებულია მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ) ;
    - ელიტარული რუსოფობია,  ზოგიერთი ქვეყნის ან მთელი რეგიონის ანტირუსული განწყობილება. მას არაფერი არ აქვს საერთო  "ქვემო" რუსოფობიასთან. ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ მმართველობის, ანუ ელიტის მიმართ სიძულვილი, რომელსაც თან ახლავს პირიქით, უბრალო რუსი ხალხის მიმართ სიმპატია.
    ... და შერეული რუსოფობია, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი ფობიები ერთნაირი დოზით არის წარმოდგენილი.
თუ თქვენ აღმოაჩენთ რომ რუსოფობი ხართ, ჯერ დაფიქრდით ამ ჩამონათვალიდან რომელს მიეკუთვნებით და კარგად გაიაზრეთ რატომ არ გიყვართ რუსები?!


     თუ თქვენს ირგვლივ არც ერთი რუსი არ ცხოვრობს, არ იცნობთ არც ერთ რუსს,  არ გაქვთ მათთან არანაირი შეხება, მით უმეტეს თქვენთვის არც ერთ რუსს კონკრეტულად არაფერი დაუშავებია და მიუხედავად ამისა მაინც არ გიყვართ რუსები, მაშინ თქვენ ხართ პროპაგანდისტული რუსოფობი. ანუ ყურმოკრული, სხვების მოყოლილი და მედიაში ნანახი ან წაკითხული ინფორმაციების მსხვერპლი ბრძანდებით.



    თუ თქვენ ხართ ქართველი, უკრაინელი, ფინელი ან იაპონელი, ბუნებრივია ტერიტორიული პრობლემებიდან გამომდინარე არ გიყვართ რუსული პოლიტიკა და გეჯავრებათ რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ რუსი ხალხის წინააღმდეგ არაფერი პრეტენზია არ გაგაჩნიათ.
    მოკლედ პალიტრა ფართოა. კიდევ შეიძლება ალბათ აქ სხვა ტიპის რუსოფობიის განშტოებები განვიხილოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ქართველები ვართ, გვაინტერესებს სად იწყება და როგორ ვითარდება რუსოფობია საქართველოში.
    პირადად მე, პირველ რიგში კონსტანტინე გამსახურდია მახსენდება. ყველას გვახსოვს თქმულებები, ჭორები თუ სკანდალები, მისი ქრონიკული რუსოფობიის შესახებ. ამბობენ რომ მაღალჩინოსან,  წითელ ჩინოვნიკებთან შეხვედრებზე, ბატონი კონსტანტინე თარჯიმანს იყენებდა, მიუხედავად იმისა რომ ჩინებულად იცოდა რუსული, მაგრამ კატეგორიულად ცდილობდა ამ ენაზე არ ელაპარაკა. ამ ხაზის გამგრძელებელი იყო მისი ვაჟიც. ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოში მომხდარი ყველა ნეგატიური მოვლენის სათავე მუდამ რუსეთი და კრემლი იყო.    ... და  ბოლოს ანეგდოტებიც დადიოდა ამ თემაზე.
    
 ... და ქართული  რუსოფობიის აპოგეა, მიხეილ სააკაშვილი !  თავი დავანებოთ იმას , რომ მისი რიტორიკა მუდამ რუსოფობიური იყო. მთავარი ისაა, რომ სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებებით მან ისეთი რუსოფობია დათესა საქართველოში, რომელიც გასცდა პოლიტიკურ თუ სამხედრო დაპირისპირების საზღვრებს და ასტრალურ ფორმებში გადაიზარდა.
     სააკაშვილის რუსოფობია იმდენად ავადმყოფურ ფორმებში გადაიზარდა, რომ კარგად გვახსოვს, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადება, როცა მან კატეგორიულად მოითხოვა პუშკინის ძეგლის გადატანა თავისუფლების მოედნიდან და ასევე მოითხოვა სახელების გადარქმევა იმ ქუჩებისთვის, რომლებიც რუსი პოეტების ან მწერლების სახელებს ატარებდნენ.
    საქმე იქამდე მივიდა, რომ არა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, დარწმუნებული ვარ მოედანზე გამოიტანდნენ ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვა რუსი კლასიკოსების წიგნებს და საჯაროდ დაწვავდნენ, როგორც ეს ჰიტლერმა გააკეთა.
    "მიშისტური" მედიის მიერ ყოველდღიურად და დღეში ასჯერ გადაცემული რუსოფობიური სიუჟეტებისგან დაზომბილი 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც დაიბადნენ უშუქობის დროს და გაიზარდნენ თურქული "კერასინკები"-ს სითბოში, ბუნებრივია აღმერთებენ სააკაშვილს. მან მოუტანა შუქი, ინტერნეტი, ზაფხულის ბანაკები და "ბუჩქები". მათი ცხოვრება  გამოქვაბული მდგომარეობიდან ცივილურ და ზოგიერთებისთვის კი ევრო-ამერიკულ უნივერსიტეტებამდე განვლილი ევოლუციაა და ბუნებრივია ვერც ხვდებიან რას ერჩიან ამ კაცს.
    პოსტსაბჭოთა ახალგაზრდა თაობის უმეტესობა , რომლებიც 1989 წლის შემდეგ დაიბადა, მასიურად რუსოფობები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ მათგანს ცხოვრებაში არც კი უნახავს ცოცხალი რუსი.



    დაუმატეთ ამას სხვა, უფროსი თაობის ამა თუ იმ მიზეზით გარუსოფობებული ფენებიც და ვხედავთ რომ ამ მხრივ საქართველო ორ ნაწილად იყოფა. რუსოფობებისგან და ყველა დანარჩენისგან. თუ რა რაოდენობით არიან ისინი გადანაწილებული ამაზე სტატისტიკოსებმა ატარონ გამოკვლევევი, მაგრამ ფაქტია რომ ამ ეტაპზე საქართველოში იმდენი რუსოფობია, რამდენიც არ ყოფილა ისტორიის განმავლობაში არასოდეს. მათი უმეტესობა ამჟამადაც ფსევდომიშისტურ ორბიტებზე იმყოფება და დღესდღეობითაც სიტყვა მიშისტი და სიტყვა რუსოფობი თანაბარი აზრის მატარებელია.



    მიუხედავად ამ ყველაფრისა,  რუსულ-ქართული 5 დღიანი ომისა, რუსი სოლდათების მიერ ქართველი ჯარისკაცის ხერხემალში გადამტვრევის კადრებისა და კიდევ ყველა უბედურობისა, რომელიც თავს გადახდა საქართველოს, ამ ქვეყანაში მაინც არსებობენ ადამიანები, ვისაც არათუ არ სძულს რუსები არამედ სიმპატიითაც არიან მათ მიმართ განწყობილნი. ისინი თვლიან , რომ პოლიტიკა თავისთვისაა და ხალხი თავისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ სასტიკად გაჭირდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მათ შეინარჩუნეს კონტაქტები, ურთიერთობები და ეხლა მიმდინარეობს სწორედ ამ ურთიერთობების აღდგენის, განახლების პერიოდი.
    თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ იმასაც დავიხავთ რომ ადრე ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებული ქვეყნები ამჟამად მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან და სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორებიც არიან. ფრანგებს და გერმანელებს ალბათ არც ახსოვთ რამდენი ომი ყოფილა მათ ქვეყნებს შორის და არა 5 დღიანი, არამედ მრავალწლიანიც, მაგრამ ეხლა მათ შორის პარტნიორული დამოკიდებულებაა.  ქართულ-სომხური ომიც მრავალჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ამჟამად არმენოფობია არ სუფევს ჩვენს ქვეყანაში, სულ არაფერი რომ არ ვთქვათ მრავალსაუკუნოვან ქართულ-თურქული ეპიზოდებზე. არავინ იცის რა პოზიციის იქნება ხვალინდელი რუსული ან ზეგინდელი ქართული ხელისუფლება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ქუჩის ბოლოს მცხოვრები ჩვენი მეგობარი კაია, მაგრამ კარის მეზობელთან ნორმალური ურთიერთობაა აუცილებელი.



    ევრო-ამერიკული იდეოლოგებისგან წაქეზებული "მიშისტური" მთავრობა ომში მიტოვებული აღმოჩნდა. დღესაც, მარჯვნიდან და მარცხნიდან გაისმის ხმალამოღებული და გულანთებული ფიცი, რომ მალე საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდება, მაგრამ არც ერთ მხარეს ამისი თვითონაც არ სჯერავს და საერთოდაც,  ეს თემა უკვე დიდი ხანია ირონიის მომგვრელია.  ევროპას თავად სერიოზული პრობლემები აქვს აღმოსავლეთისკენ გაფართოების გამო და საქართველოსთვის ერთი წუთითაც არ სცალია. ამერიკა კი საქართველოს გამო რუსეთთან პრობლემებს არ შეიქმნის. აკი ათასჯერ მოგვიწოდეს მოაგვარეთ ეგ თქვენი პრობლემები რუსეთთან ჩვენს გარეშეო.   ამბობენ ისტორია მეორდებაო, მაგრამ მერამდენეჯერ უნდა განმეორდეს რომ ზოგიერთებმა ჭკუა ისწავლონ ? როგორც ჩანს კიდევ მრავალჯერ. ასე რომ ქართული ვექტორი დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის კვლავაც ტვინდაჟეჟილი კომპასივით მერყეობს.

   საქართველოშიც და რუსეთშიც ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს ვისაც კატეგორიულად არ სურს ამ ორ ქვეყანას შორის დაახლოება და მათ თავიანთი მიზეზებიც აქვთ ალბათ, მაგრამ დაახლოების პროცესები ისე აქტიურად დაიწყო და ისეთი ინტენსიურობით მიმდინარეობს, რომ ვშიშობ ძნელი იქნება მისი შეჩერება. ამის გამო, სხვათა შორის აფხაზეთშიც და ოსეთშიც აფორიაქდნენ, რადგან იციან, თუ საქართველო და რუსეთი დაახლოვდნენ, მათ კვლავ მოუწევთ ავტონომიებში დაბრუნება. ამ ყველაფერს დაუმატეთ პრემიერის მიერ მოწონებული, ე.წ. "სომხური მოდელი" . გამოცდილება  ქვეყნისა, რომელმაც ადვილად შესძლო ერთნაერად მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა დასავლეთთანაც და ჩრდილოეთთანაც. იდეაშია აგრეთვე რკინიგზის აღდგენაც რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია, მაგრამ როგორც პირი უჩანს ძალიან მარტივად მოგვარდება.
    სავაჭრო და ბიზნეს-კომუნიკაციები თავისთავად იწვევს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. ერგნეთის ბაზარმა ხომ თითქმის მოაგვარა ქართულ-ოსური პრობლემა ? უკვე თავისუფალი მიმოსვლა იყო და ძველი ურთიერთობების აღდგენა.
    ასე რომ ! დაფიქრდით ბატონო რუსოფობებო ჯერ ერთი რა მოტივით ხართ რუსოფობი და მეორეც, ხომ არ ეწინააღმდეგება ეგ თქვენი რუსოფობია სახელმწიფოს ინტერესებს ?  კერძო ინტერესებიდან გამომდინარეობს ეგ თქვენი რუსოფობია თუ ქვეყნის ინტერესებიდან ? ... და ხართ  კი თქვენ პატრიოტები, თუ ხართ ავანტიურისტები ?



   p.s.
მესმის,,, თქვენთვის მტკივნეული კითხვაა )))




_________________________________________________________________________________